საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგი

მოგესალმებით!

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ერთ თემას ეხება, ეს ოლიმპიელებს დაბრუნებაა. 

მინდა, პირველ რიგში, მათ და ყველას ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება მივულოცო, არამხოლოდ მათ, ვინც მედლებით დაბრუნდა და საქართველოს საზოგადოება ძალიან გაახარა, არამედ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე ვმონაწილეობდეთ. 24-ე ადგილი - ეს ხუმრობა არაა და მე მგონი, რომ მთელი საზოგადოება მართლაც მათთან ერთად ზეიმობს. 

მაგრამ ახლა მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს, პირველ საათზე შემატყობინეს, რომ საღამოს რვა საათზე მიღება იქნებოდა, ოლიმპიელების დახვედრა და თურმე, დაჯილდოება. მე რაღაც კინკლაობა არ მჩვევია, სხვა დონის განსახილველი პოლიტიკური საკითხები გაგვაჩნია. სხვათა შორის, როდესაც ოლიმპიელებს ყველანი ერთად ვაცილებდით, საჯაროდ გამოვაცხადე, რომ როდესაც დაბრუნდებოდნენ სექტემბერში დავხვდებოდი. მე ორი სერიოზული მიზეზი მაქვს რატომაც დღეს მათი ასე სასწრაფოდ დაჯილდოება არ შეიძლება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს სერიოზული საქმეა და არა რაღაც აჩქარებულ ტემპში გასაკეთებელი, მაგრამ სხვა ორი მთავარი მიზეზია. 

ერთი, ვთვლი, რომ ეს ის საკითხია, რომელიც მართლაც აერთიანებს ქვეყანას, საზოგადოებას და ეს ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია, არამედ სახალხო ზეიმი უნდა იყოს. და მე ამას ვაპირებ, რომ როგორც გამოვაცხადე სახალხო ზეიმი მოვაწყო. და მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომ პარაოლიმპიადა ახლა იწყება და 8 სექტემბრამდე გრძელდება. წარმოუდგენელია (არ ვიცი ვის ავიწყდება, სპორტის მინისტრს თუ მთლიანად მთავრობას) როგორ შეიძლება, რომ ჩვენ ცალკე ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნება ვიზეიმოთ, სპორტსმენების, რომლებმაც მონაწილეობა მთავარ ოლიმპიურ თამაშებში მიიღეს და ცალკე პარალიმპიელების. 

არა, არანაირი დისკრიმინაცია! ეს მიუღებელია! ყველას ერთად მივიღებთ, მთლიანად ხალხს, საზოგადოებას და ყველას - ოლიმპიელებს თუ პარალიმპიელებს. გელოდებით სექტემბერში!

დიდი მადლობა!