მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევისა და იმისა, რომ 2019 წლიდან ჩემს ადმინისტრაციასა და პირადად მე, მინისტრებთან დაწყებული გვქონდა მოლაპარაკებები მოქალაქეობასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლიდა რეალურად, დიასპორაში მცხოვრებ ადამიანებს დაებრუნებინათ ქართული მოქალაქეობა, პროცედურების გამარტივება არ მოხდა და ამას ახლა აღვნიშნავ, რადგან ამ დღეებში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ,,მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც რეალურ ცვლილებასა და არცერთი პროცედურის გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ, რადგან ალბათ, დიდი პროპაგანდა იქნება იმის შესახებ, რომ ამ ცვლილებებით პროცედურების დიდი გამარტივება მოხდა.
უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ის მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივებულიყო ტესტირება ისტორიასა თუ სამართალში, მით უფრო, საზღვარგარეთ დაბადებული ახალგაზრდებისთვის და ბევრი სხვისათვის; რომ გამარტივებულიყო თუნდაც ენის ტესტირება და ეს ყველაფერი მომხდარიყო ძალიან სწრაფად და მარტივად, რომ მოქალაქეობის აღდგენის საფასურიც გამარტივებული - არ იქნა მხედველობაში მიღებული.
მხოლოდ ერთი ,,სერიოზული“ რამ შეიცვალა - ტესტირება შეიძლება რამდენჯერმე ჩაბარდეს და ყოველ ჯერზე საფასურია გადასახდელი. ეს არის მთავარი ცვლილება. ასევე, მეორე კუთხით, რომელიც ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, გეოპოლიტიკური გარემოებისგან გამომდინარე - ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში, იმათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ ძალიან გაზრდილია და ჩვენ თუ რაიმე სტრატეგია ან ხედვა მაინც გაგვაჩნია, როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაფრის მიუხედავად. ეს იყო მეორე მოთხოვნა, რომელიც მე მგონი, რომ სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა.
მე ცვლილებებს ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტოო ცვლილებები. მთავარი არის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი, არსებითი ცვლილებები, მიყვანილი იყოს ბოლომდე.
მინდა, რომ მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანა შეუძლია, იმუშაონ ინიციატივაზე, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც ყველას ეხება და ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ რომ ჩვენ მათ ჩვენი ქვეყნის ნაწილად მივიჩნევთ და გვინდა, რომ სრული მონაწილეობა მიიღონ ამ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში - ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, რომლითაც განვაცხადებთ, რომ - დიახ, თქვენ გცნობთ და გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქეები გახდეთ, დაიბრუნოთ მოქალაქეობა, აღიდგინოთ მოქალაქეობა - ეს ჩვენი მოვალეობა და ჩვენი და თქვენი ნამდვილი, ერთობლივი მომავალია.