მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო გუშინ ღამეს [შოვში] დატრიალებული ტრაგედიის გამო, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები აღმოჩნდებიან.
ეს ტრაგედია სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც იზიარებს ჩვენი ყველა მოქალაქე. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველს და ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც ადგილზე, რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რათა გადაერჩინათ ადამიანები.
მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად, სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, მთავრობას, ყველა უწყებას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. დღეს ერთიანობისა და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა!
ჩემი ადმინისტრაცია და მე, პირადად, ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა იქნება საჭირო. ჩვენ თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.
დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მაშველებს. მათი როლი არ დასრულებულა. ვიცით, რამდენად რთულია ამ პირობებში მათი სამუშაო და ამ ძალიან რთულ პირობებში მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
ასევე მინდა მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს საზოგადოებას და ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც პრემიერისგან მოვისმინე, ჯერ არ ვთვლით, რომ რამე დახმარებაა საჭირო სხვა ქვეყნებისა და პარტნიორებისგან. თუ ეს საჭიროება გაჩნდა, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა მზად ვარ, ამაშიც მივიღო მონაწილეობა.
ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ჩვენ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით!