დღეს ქვეყანაში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გაცემული პირობა: მე-17 მუხლი, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის უფლება და 21-ე მუხლი - შეკრების თავისუფლების უფლება.
დღეს ორივე დაირღვა. ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული (ადგილიც და პირობებიც), ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რაზეც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.
ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცვას, ვითომცდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა, ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ, ჩაიშლება თუკი სამართალდამცავი ორგანოები იმ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს.
აქ კიდევ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ.
ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ, ახლა მოსმენილ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც პირველ რიგში, ადამიანების უფლებების დაცვა ევალებათ: პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან უფლებების დამცველები, ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და ჩემი მარცხენა სხვა რამეს აკეთებს.
რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე.
მინდა დღეს, პირველ რიგში, მოვუწოდო შსს-ს რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართალის დაცვა. მმართველ გუნდს კი, მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია.