ქალბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო,
მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტსა და აქ წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი ქვეყნის მომავლისათვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ეს პატივიცაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც.
ქალბატონო პრეზიდენტო,
13 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტი ამ ტრიბუნასთან არ გამოსულა და სიმბოლურია, რომ დღეს მე იგივე სულისკვეთება მაქვს, რომელსაც პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებების მიუხედავად, ყველა ქართველი იზიარებს: საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს.
ქვეყნის ისტორიაში არის მომენტები, როდესაც არჩევანი კრისტალიზდება, მომავალი განისაზღვრება, წარსული თავის შედეგს იღებს. ჩვენ საქართველოს ისტორიის ისეთ მომენტში ვცხოვრობთ, რომელშიც მისმა მმართველებმა, მისმა ხალხმა და 27-მა ქვეყანამ, რომელთაც თქვენ წარმოადგენთ, ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ხვალინდელი საქართველოსთვის.
თავის მხრივ, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა და მე თქვენ წინაშე ამ გზავნილის გადმოსაცემად ვდგავარ: ჩვენი ევროპული არჩევანი არამხოლოდ ლეგიტიმური, არამედ უალტერნატივოცაა, რადგან ის ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, ჩვენს მიზანდასახულობასა და მომავლის ჩვენეულ ხედვას ეფუძნება.
პატივცემულ ასამბლეას ქართველი ხალხის სახელით მივმართავ და წარმოვადგენ იმ ერს, რომლის საუკუნოვანი ნებაა, კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე აქ ვარ, როგორც იმ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, რომლის კონსტიტუციაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმას ავალდებულებს. და მე ამას დაუღალავად გავაკეთებ. არამხოლოდ კონსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არამედ მორალური რწმენისა და ვალდებულების გამო: დაბადებული საფრანგეთში, ემიგრანტი მშობლების ოჯახში, რომელთაც 1921 წელს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შემდეგ საქართველოს დატოვება მოუწია, დავბრუნდი, რათა ქვეყანას მხოლოდ ერთი მიზნით ვემსახურო და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს მრავალი თაობის ოცნების ასრულებაში, რაც ევროპასთან კვლავ გაერთიანებას წარმოადგენს - საქართველოს დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტია და თითოეული მოქალაქისათვის უკეთესი მომავლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
- ვამაყობ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს პირველ ოფიციალურ რანგში, მოლაპარაკებებით მივაღწიე წარმატებას - როგორც საქართველოს ევროპის სამეზობლოში გაწევრიანების ასევე, რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხზე. მე ვნახე, როგორ ტოვებდნენ რუსული გემები საპორტო ქალაქ ბათუმს, თუმცა 3 წლის შემდეგ რუსული ტანკები ისევ შემოიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე.
- პარლამენტის წევრის რანგში, ვიბრძოლე ყველასთვის ხელმისაწვდომი ,,ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მიღებისთვის. მათთვის, ვინც ახლა ერთდროულად ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქეები არიან და რომლებმაც საქართველოსა და ევროპას შორის პირველი, კონკრეტული კავშირი შექმნეს. - ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიზანია, საქართველომ გადალახოს გამოწვევები და კანდიდატის სტატუსის მიღებით მყარად დადგას ფეხი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამისათვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: საქართველოსთვის წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიცემა, და მე ამის მჯერა!
ქალბატონო პრეზიდენტო,
2,5 საუკუნის განმავლობაში, საქართველო თავის ტრაგიკულ ისტორიას ერთ ქვეყანას, უკრაინას უზიარებდა; ცარისტული იმპერიალიზმისა და რუსიფიკაციის, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და რეპრესიების და კვლავ რუსული აგრესიებისა და ოკუპაციების ტრაგიკულ ისტორიას.
ამდენად, არ შემიძლია თქვენ წინაშე, პირველ რიგში, ქართველი ხალხის უკრაინელი ხალხისადმი სრული, ცალსახა და პრინციპული სოლიდარობის, კიდევ ერთხელ, გამოხატვის გარეშე წარვდგე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინა არა მხოლოდ თავის ტერიტორიას იცავს, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის ღვრის სისხლს: ევროპისთვის, მისი უსაფრთხოებისა და თავისუფლებისთვის; საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისა და ევროპული მომავლისთვის. მინდა კიდევ ერთხელ აქ გამოვხატო ჩემი პირადი პატივისცემა და მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ახლო მომავალში, სწორედ ამ დარბაზში ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლებს გვერდი-გვერდ მჯდომებს ვიხილავთ.
ქალბატონო პრეზიდენტო,
ჩემი განაცხადი საქართველოს ევროპული მომავლისათვის საქართველოს ევროპული წარსულით იწყება, რომელიც საერთო კულტურულ ფესვებსა და რაც მთავარია, საერთო ღირებულებებზე დგას. საქართველოც თავისი არსებობის დღიდან იმ სამ საყრდენს ეფუძნება, რომელიც ევროპის შექმნის ფუნდამენტად მიიჩნევა - ბერძნულ - რომაული მემკვიდრეობა და ქრისტიანობა.
ანტიკურმა ბერძნულ-რომაულმა ცივილიზაციამ გავლენა მოახდინა და თვალსაჩინო კვალი დატოვა ჩვენს მითოლოგიაზე, არქეოლოგიასა და კულტურაზე.
ქრისტიანობა - ჩვენი, როგორ ერის იდენტობის ცენტრალური ნაწილია. საქართველო, როგორც პირველი სამეფო, რომელიც გაქრისტიანდა, საუკუნეები იბრძოდა მრავალი იმპერიისა და დამპყრობლის წინააღმდეგ, რათა შეენარჩუნებინა თავისი რწმენა და იდენტობა, ამ პერიოდისათვის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე პატარა ქრისტიანულ სადარაჯოს წარმოადგენდა და აზიის იმპერიებს უპირისპირდებოდა.
ამ საერთო მემკვიდრეობამ ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებზე მოახდინა გავლენა. ეს იგივე ღირებულებებია, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა და შთააგონა ევროპის დამფუძნებელი მამები. შესაბამისად, შეიძლება შემთხვევითობა არაა, რომ ევროპის პირველი ფედერაციული კონსტიტუცია ქართველმა, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიხეილ მუსხელმა დაწერა.
ტოლერანტობა, უმცირესობების დაცვა და ადამიანის უფლებები დიდი ხანია ჩვენი ღირებულებებია. სასწაულია, რომ კავკასიაში ქართული ტოლერანტობა გადარჩა, ,,ენების მთა“ როგორც მას არაბები უწოდებდნენ, აშენდა სახელმწიფო, სადაც სხვადასხვა რელიგიები საუკუნეების განმავლობაში დაცულად იყვნენ. ამას თბილისის არქიტექტურაც მოწმობს: მეჩეთები, სინაგოგები, სხვადასხვა დენომინაციების ეკლესიები, თუ ზოროასტრიზმის ძეგლები გვერდიგვერდ თანაარსებობს.
რელიგიებსა და კულტურებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ხანგრძლივი ტრადიცია საუკეთესოდაა გამოხატული ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვან გამორჩეულ თანაცხოვრებაში, რომელიც თავისუფალი იყო რეპრესიებისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისგან. ის, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის 20%-ს სომხები, აზერბაიჯანელები, ქურთები და ეზიდები წარმოადგენენ, ჩვენი სტუმარმასპინძლობის ამ უძველესი ტრადიციის დამადასტურებელია, რომელიც ჩვენს საზღვრებს გასცდა.
თუ პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლო გავლენა მოახდინა საქართველოს ტოლერანტობის იმიჯზე, სამაგიეროდ, ბოლო მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს ტრადიცია ნამდვილად ცოცხალია: ბოლო წელიწადნახევარი საქართველომ მიიღო და მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს.
მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ, რას ნიშნავს მიიღო იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და შენი მეგობრის, უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე სასტიკ აგრესიას აწარმოებს და რომ ეს ყოველგვარი, სერიოზული ინციდენტის გარეშე მოხდა, ბევრს მეტყველებს ქართული ტოლერანტობის შესახებ და ჩვენ ამით შეგვიძლია და უნდა ვიამაყოთ. თუმცა, ამას თან უნდა სდევდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას გაღიზიანებასა და ესკალაციას.
გენდერული თანასწორობა: ეს ძალიან თანამედროვე ცნება ეროვნული ეპოსის ბირთვია, როცა შოთა რუსთაველმა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში თქვა: ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“. ეს კიდევ ერთხელ ესატყვისება ქალების ისტორიულ როლს: წმინდა ნინომ მე-4 საუკუნეში საქართველო მოაქცია, თამარ მეფე, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაში მეფობდა, 1918 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკა ქალებს ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევდა.
კანონის უზენაესობა: ძველი დროიდან განმტკიცებულია კანონის განჭვრეტადობის უნარი, რომელიც ნებისმიერი ლიბერალური სასამართლო სისტემის ბირთვს წარმოადგენს. მეფე ვახტანგ VI-მ „სამართლის წიგნთა კრებულში“ გააერთიანა პრინციპები, ვალდებულებები და კანონები, რომლითაც ქართველი მონარქები ხელმძღვანელობდნენ: ძველი აღთქმა, ბერძნული და რომაული კანონები, ტრადიციული ქართული სამართალი, შუასაუკუნეების საქართველოს კანონები, ეკლესიის კანონები და მისი პირადი ,,სამართლის კოდექსი“.
ერთიანობა: ჩვენი სახელმწიფოს გერბზე არის წარწერა - ,,ძალა ერთობაშია“. ქართველმა პოეტმა ვაჟა - ფშაველამ ეს პრინციპი თავის ლექსში გაახმოვანა: ,,ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია.“ ეს ერთიანობა, რომელმაც საფრთხის დროს ქვეყანას გადარჩენის შესაძლებლობა მისცა, დღეს პოლარიზაციის გამოწვევის წინაშეა. საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არაა, თუმცა პოლარიზაცია პატარა ქვეყნისთვის უფრო დამანგრეველია. ასევე, მეტად უწყობს ხელს იმ ქვეყნის დესტაბილიზაციას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და შესაბამისად, გარე საფრთხეებთან ერთად, შიდა, დამანგრეველი კამპანიების გამოწვევის წინაშეა: პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, სიძულვილის ენა. ჩვენ უკეთ უნდა გვესმოდეს, რომ პოლარიზაცია მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხმას წყალს.
საქართველოსა და ევროპის ღირებულებებს შორის მსგავსებების ჩამოთვლისას, 12 რეკომენდაციიდან უმეტესობას შევეხე, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაგვისახეს. მე ნამდვილად არ ვგულისხმობ, იმას რომ ეს ისტორიული დახასიათება საკმარისია არსებულ საკითხებთან გასამკლავებლად, მაგრამ გასაგები რომ იყოს გზავნილი, მინდა ხაზი გავუსვა, იმას, რომ რასაც ევროკავშირი ითხოვს, ნამდვილად და სრულად ჩვენი კულტურის, ღირებულებების და ჩვენი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის უცხო არაა, როგორც საბჭოთა იდეოლოგია იყო, ისინი საქართველოს არსია. ამიტომ, რასაც თქვენ ჩვენგან ითხოვთ, არის ის, რომ საქართველო ჩვენი იდენტობის ერთგული დარჩეს. რასაც თქვენ გვირჩევთ, არის ის, რომ საქართველომ ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები აღმოფხვრას და ხელახლა გაერთიანდეს თავის თავთან და თავის ევროპულ საწყისებთან.
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროინტეგრაციის გზიდან: 1921, 1989, 1992 და 2008 წლებში ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად დიდი საფასური გადაიხადა. ჩვენ ამას არ ვადარებთ იმ უსაზღვრო სირთულეებს, რასაც დღეს უკრაინა გადის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველომ სისხლი დაღვარა იმისათვის, რომ საბჭოთა მმართველობისგან დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და ის უფლება, რომ გამხდარიყო დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსა და არჩეული ალიანსების ნაწილი.
საქართველოს მთავრობები დამოუკიდებლობის დღიდან ევროკავშირისკენ მიისწრაფოდნენ და ამ გზაზე მუდმივ პროგრესს აჩვენებდნენ. პრეზიდენტმა გამსახურდიამ საქართველო თავისუფალი ერების ევროპის რუკაზე დააბრუნა. პრეზიდენტი შევარდნაძე იყო პირველი, ვინც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის იდეა შემოიტანა. პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმების დღის წესრიგის პრიორიტეტი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო. მისი მმართველობის პერიოდში, საქართველო სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შეუერთდა. 2012 წელს ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება არჩეულ იქნა პროევროპული პროგრამის საფუძველზე და ამ კუთხით, რამდენიმე საკვანძო შედეგს მიაღწია: ამ დროის განმავლობაში ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას. 2016 წელს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს მოიცავდა, და ეს არავის უნდა დაგვავიწყდეს. გამოწვევებისა და გარე აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა არ შემდრკალა, არ უყოყმანია ან არ დაეჭვებულა. ის მედგრად იდგა. ხალხი პროევროპული კურსის ხერხემალია, რომელიც მხარს უჭერს და ზოგჯერ წინაც უსწრებს და აიძულებს თავის ხელისუფლებებს ევროინტეგრაციის გზისადმი მხარდაჭერას. გამოკითხვები აჩვენებს ევროინტეგრაციისადმი ხალხის მუდმივ მხარდაჭერას. სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ევროპაში მრავალი ქვეყანაა, რომელსაც შეშურდებოდა ასეთი ევროენთუზიაზმის.
პროევროპული ხელისუფლების არჩევის გარდა, შეუძლებელია დავასახელოთ ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც რაიმე ნორმალურ შედეგს მიაღწია ქვეყნის ევროინტეგრაციისადმი სრული მხარდაჭერის გარეშე. ეს ქართული პოლიტიკის გაკვეთილია, ანტიევროპული კამპანიები კი, მხოლოდ პოლიტიკურ მარგინალიზაციას ახდენენ.
რუსეთის ომების, ოკუპაციისა, თუ აქტიური ქმედებების მიუხედავად, ქართველებს არასდროს უყოყმანიათ. შიშმა ვერ დაძლია ევროპული კურსი. ევროპული ინტეგრაცია უბრალოდ საგარეო ორიენტაცია არ არის, ეს ეგზისტენციალური საკითხი და ჩვენი იდენტობის ნაწილია.
ქართველები ირჩევენ ევროპას: ასიათასობით ქართველი ემიგრაციაშია ევროპაში, ქართველი ახალგაზრდები სწავლობენ ინგლისურს, გერმანულს ან ფრანგულს, სწავლობენ პარიზში თუ ბერლინში. ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობის შინაგანი პროევროპულობა, ევროპის რბილი ძალის დასტურია. ერთ თაობაში, რუსული მათთვის ნამდვილად წარსულის ანაქრონიზმი გახდა და ევროპა ეჭვგარეშე, ერთადერთი მომავალია.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართველები არცერთ ხელისუფლებას ამ გზიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევენ. ყველა მასობრივი დემონსტრაცია თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული გზის მხარდასაჭერად გაიმართა. ბოლო წლებში, ქართველები ქუჩაში იმ იდეალების დასაცავად გამოდიან, რომელთაც შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ.
ქართველები ქუჩაში გამოვიდნენ:
- 2019 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატს, რომელსაც დარღვეული აქვს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, უფლება მისცეს დამჯდარიყო საქართველოს პარლამენტში, ხოლო ვინც ის ქვეყანაში მოიწვია, მათი პროევროპული ორიენტაციის მიმართ კითხვები გააჩინა.
- 2022 წლის თებერვალში უკრაინის სრული და მასობრივი სოლიდარობისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად;
- 2022 წლის ივნისში ევროპული საბჭოს მიერ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების მიღებამდე;
- 2023 წლის მარტში ქართველებმა ფაქტობრივად მთავრობა აიძულეს, უკან დაეხია ეგრეთწოდებულ რუსულ კანონთან მიმართებაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ მუქარად ითვლებოდა, და მაშასადამე, აზიანებდა ჩვენს დემოკრატიულ და ევროპულ გზას.
მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ჩემი მხრივ, ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა ჩემი ნაბიჯი და ინიციატივა ამ მიზნის წინ წასაწევად განვახორციელე.
- დეპოლარიზაციისთვის: ეროვნული თანხმობის ინიციატივის წამოწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. გაერთიანებული პოლიტიკური პლატფორმის მხარდაჭერა. განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში ქალების, როგორც ფასილიტატორების, როლის მხარდაჭერა. ეს უდავოდ რთული პროცესია, და ჯერ ვერ ვიამაყებ რაიმე წარმატებით, მაგრამ მე განვაგრძობ იმ რწმენით, რომ ჩვენ ერთად მუშაობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს.
- პოლიტიკური შეთანხმების შუამავლობა: ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, ყველა პოლიტიკური პარტიის თანდასწრებით ორბელიანების სასახლეში ხელი მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებას. სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს უკვე ექნებოდა კანდიდატის სტატუსი.
- შეწყალებები - სამჯერ ოპოზიციური ფიგურის შეწყალება, რათა განმემუხტა პოლიტიკური დაძაბულობა და საშუალება მიმეცა შეთანხმებების განხორციელებისთვის. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ეს გადაწყვეტილებები მაღალი პოლიტიკური ფასის მქონე იყო. მაგრამ, ვრჩები ჩემი თითოეული გადაწყვეტილების ერთგული - როგორც ვოლტერი გამოხატავს: ,,არ ვეთანხმები იმას, რასაც ამბობ, მაგრამ საფლავის კარამდე დავიცავ შენს უფლებას, თქვა შენი სათქმელი“. ასევე, ინტერვენციებზე საუბრისას მინდა ნათლად ვთქვა, რომ მე წარმოვადგენ მცირე ქვეყანას, თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება თანაბრად უნდა იყოს პატივცემული მცირე, თუ დიდ ქვეყანაში. შეწყალება პრეზიდენტის ის უფლებაა, რომელიც მან თავისი „სულითა და სინდისით“ უნდა მიიღოს. პრეზიდენტის ეს უფლება თავისუფალი უნდა იყოს შიდა თუ გარე წნეხისგან. მინდა გარკვეულ სამთავრობო წრეებს მივმართო, რომ ჩემზე მუქარა საჭირო არ არის, რადგან მე იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი.
- ასევე, კონსტიტუციით მონიჭებული ვეტოს უფლების გამოყენება იმ კანონების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს. მე ვიცი, რომ თუნდაც დაიძლიოს ჩემი ვეტო ამჟამინდელი უმრავლესობის მიერ, მათ მხარს დაუჭერს და გააძლიერებს ასიათასობით ქართველი, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის პრინციპები, რომლის ერთგულნიც ვართ.
- დაბოლოს, მაღალი დონის დიპლომატიით. მე, ისევე როგორც ამას დღეს თქვენ წინაშე ვაკეთებ, ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში მუდმივად ვიცავ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ნათლად მახსოვს 2021 წელს, როდესაც შავი ზღვის სანაპიროზე პეტრას სამიტს ვუმასპინძლეთ, პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ სანდუსთან და პრეზიდენტ შარ მიშელთან ერთად, ჩვენი ასოცირებული ტრიოს ევროინტეგრაციის გზის დაჩქარებისათვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მას შემდეგ ჩვენ დრო დავკარგეთ, ჩვენ - საქართველომ.
ეს სულაც არაა გზის დასასრული. ყველა გადაწყვეტილებას თავისი დრო და ადგილი ექნება. მე ყველა ქვას გადავაბრუნებ, როდესაც საქმე იმის უზრუნველყოფას ეხება, რომ საქართველო იდგეს იქ, სადაც მისი ადგილია. საქართველოს ევროპული გზა, რა თქმა უნდა, დიდწილად, ევროპული ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგია.
საქართველოს მიზნის მკაფიო გამოხატულება, წლების განმავლობაში, ევროპისგან განსაკუთრებული მხარდაჭერით იყო ნაპასუხები. როცა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, მე ასევე მინდა გამოვხატო ევროპისადმი ქართველი ხალხის მადლიერება.
- ევროკავშირი დაგვეხმარა კეთილდღეობის დონის ამაღლებაში და ის საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორისათვის ყველაზე დიდ დონორს წარმოადგენს. სწორედ ევროპულმა დახმარებამ და ევროპულმა ბაზარმა შეუწყო ხელი ქართველების ცხოვრების დონის ზრდას. სწორედ ამის გათვალისწინებით, როდესაც მესმის, რომ ჩვენ რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი ეკონომიკის დახმარებას - ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ამორალური, არამედ მტკნარი სიცრუეცაა.
- ევროკავშირი სტაბილურობის გარანტორია. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა რუსული ტანკები საქართველოში შემოვიდნენ, ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინეს პრევენცია, რათა უკვე დამდგარი ტრაგიკული შედეგი, კიდევ უფრო მძიმე არ ყოფილიყო. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, საფრანგეთმა, უშალოდ ნიკოლა სარკოზიმ, ამერიკის მხარდაჭერით მედიაცია გაუწია შეთანხმებას, რომელმაც შეაჩერა რუსეთი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად არ შეჭრილიყო. შესაძლოა, ევროპის რეაქცია სათანადო არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ რუსეთს საკმარისად მაღალი ფასი გადაეხადა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის გარეშე, შეიძლება თვით თბილისიც ოკუპირებული ყოფილიყო. 2008 წლიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობა საოკუპაციო ხაზთან ფასდაუდებელია და სტაბილურობის ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ასევე რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების მაკონტროლებელი მექანიზმის ფუნქციასაც ასრულებს.
- ევროკავშირი ჩვენ მაღალი დონის მუდმივ დიპლომატიურ მხარდაჭერას გვიცხადებდა, განსაკუთრებით, საშინაო, თუ საგარეო კრიზისების დროს. ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ჩვენს აღმოსავლეთ ევროპულ და ბალტიისპირელ მეგობრებს მათი მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლების, ასევე, საპარლამენტო დელეგაციებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტებს, რომლებიც ჩვენი ხალხისათვის სიახლოვისა და მხარდაჭერის ყოველდღიური დემონსტრირებაა, მთავრობისათვის კი, იმ ვალდებულებების დროულად შესრულების შეხსენება, რომლებიც შემდეგ ისტორიული ნაბიჯამდე მიგვიყვანს.
- ევროკავშირი დაგვეხმარა წინ წავსულიყავით ევროპული ინტეგრაციის გზაზე. არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის გზა, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წელში განვლო. სამეზობლო პოლიტიკიდან ასოცირებამდე - ის, რაც ბევრს შეუძლებელი ეგონა. ბოლო ნაბიჯით, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ევროპული პერსპექტივის მონიჭებით, ევროკავშირმა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა გეოგრაფიასა და იდენტობის შესახებ დებატები.
ჩვენ სრულად უნდა ჩავწვდეთ ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას, რადგან ფოკუსი კეთდება იმაზე, რაც ვერ მივიღეთ, თუმცა ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დასრულდა საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ ეგზისტენციალური დებატები, რომელიც წარსულში ჩვენი კანდიდატობის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოიყენებოდა. ევროპული პერსპექტივის მიღებამ ეს დისკუსია დაასრულა და ქართველებს ორი მთავარი მესიჯი გაუგზავნა: თქვენ ხართ ევროპა და ევროპისკენ მიმავალი გზა მხოლოდ თქვენს ხელშია!
რატომ უნდა მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
დღევანდელი ჩემი მიმართვის მიზანი უფრო მეტია, ვიდრე კანდიდატის სტატუსისათვის მხოლოდ განაცხადის გაკეთება. მისი მიზანი ჩვენი ევროპული იდენტობის ახსნა და იმ ფასის აღნიშვნაა, რომელიც ქართველმა ხალხმა რუსული აგრესიის გამო გადაიხადა, ასევე, იმ მიღწევების მნიშვნელობის გახსენება, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირმა, ქართველმა ხალხმა და მთავრობებმა შეძლეს. იმის ახსნა, რომ ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს, ისე, როგორც ოჯახის წევრი ითხოვს აღიარებას, დაცვასა და მხარდაჭერას.
კანდიდატის სტატუსი ნამდვილად აღიარების ტოლფასი იქნება - ევროპული იდენტობისათვის ქართველი ხალხის დაუღალავი ბრძოლის აღიარება. თუ ვინმეს ესმის არსებული ნაკლოვანებები, (და ეს შესაძლოა, სუსტი ტერმინია), პირველები ჩვენ ვართ. ჩვენ არ გვსურს მათ ჩვენი მიღწევები გადაფარონ, ის გასაოცარი პროგრესი, რასაც ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმებით, ბოლო 30 წელიწადში, (რაც ერთ თაობას წარმოადგენს), მივაღწიეთ.
ჩვენ არ ვართ იდეალურები. ბოლო ორი წლის განმავლობაში, გამუდმებით მივმართავ მთავრობას მოუსმინოს თავის ხალხს და დარჩეს თავისი საარჩევნო ვალდებულების ერთგული, რომელიც გულისხმობს მეტ ევროპას და არა ნაკლებს. ჩვენ 12 რეკომენდაციის ნაწილი უკვე შევასრულეთ, თუმცა აქაც მეტი შეიძლებოდა, მეტი შეიძლება და მეტი უნდა გაკეთდეს. მომდევნო თვეებში ეს ჩვენი ერთობლივი მიზანი იქნება, რათა მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ამას ქართველ ხალხი არ გვაპატიებს!
აღიარებული უნდა იყოს ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი რწმენა. დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, დგას ხალხზე და სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე, თუ არის რაიმე, რაც ამ ბოლო ორმა წელმა აჩვენა, არის ის, რომ ქართველები არ ნებდებიან: არ ანებებენ უკრაინას და სოლიდარობას, არ ანებებენ ევროპასა და მათ მომავალს, არ ანებებენ თავიანთ უფლებებს. სწორედ ამიტომ ვარ მე ასეთი დარწმუნებული და ოპტიმისტურად განწყობილი: ამ დემოკრატიული ძალის გათვალისწინებით, უკეთესობისაკენ ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია. სწორედ ეს არის ის გაკვეთილი, რაც რუსული კანონის გაწვევამ ყველას ასწავლა - არ გაბედო, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიულ ნებას დამღა დაასვა.
კანდიდატის სტატუსი უზრუნველყოფს საქართველოს დაცვასა და უსაფრთხოებას, დაცვას რუსეთისაგან. რუსეთი დღემდე განაგრძობს ოკუპაციასა და ჰიბრიდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. რუსეთი ყურადღებას აქცევს თითოეულ ნიშანს და არავის აქვს არასწორი სიგნალის გაგზავნის და საქართველოს ნაცრისფერ ზონაში დატოვების უფლება. 2008, 2014 და 2022 წლების გაკვეთილია ის, რომ ყოყმანი შესაძლოა, ძვირი დაგიჯდეს. დგას რა რუსეთი უკრაინაში დამარცხების წინაშე, ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსეთს მივცეთ რაიმე ცდუნების საშუალება, რომ მან სადმე სუსტი წერტილები ეძებოს.
რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველო ევროპაა, რომ ევროპა მომართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ცდილობს ქულების დაწერას საქართველოში ფარულად, საკუთარი გავლენების აღსადგენად და ამავდროულად, ევროპის გავლენის შემცირებას.
განახლებული ფრენები, სავიზო რეჟიმის გაუქმება, საზოგადოების გაუკონტროლებელი შემოდინება, გაზრდილი სავაჭრო კავშირები - ყველაფერი შექმნილია ადგილობრივი დაძაბულობის, არეულობისა და ესკალაციისათვის. ამის დაშვება არ შეიძლება - არც საქართველოსათვის და არც ევროპისათვის. როგორც ევროპა ეხმარება უკრაინას შეეწინააღმდეგოს სასტიკ ძალას, ასევე, საჭიროა, ევროპა დაეხმაროს ქართველ ხალხს შეეწინააღმდეგოს ამ შეფარულ ზეწოლას.
სწორედ ეს არის კანდიდატის სტატუსი: განზრახვის შესახებ ნათელი განაცხადი და არა კონფრონტაცია.
კანდიდატის სტატუსი გაამყარებს საქართველოს, როგორც პროევროპული ძალის როლს რეგიონში. ევროპას ესმის რეგიონის მნიშვნელობა იმ ახალი მსოფლიოსათვის, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება. მან იცის, რომ საქართველო არ არის მხოლოდ დემოკრატიისა და ევროპულობის საყრდენი, ის ასევე, სტაბილური შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონისათვის საკვანძო ელემენტია, ის ახალი, კავშირებადობის პროექტების გასაღებიცაა, რომლებიც შავ ზღვას კავკასიის გავლით კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
კანდიდატის სტატუსი ნამდვილად დაიცავს დემოკრატიას. 2022 წელს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სულისკვეთებაც საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესება და დემოკრატიის ტრაექტორიის გამოსასწორებლად პირობების შექმნა იყო.
ეს დასაფასებელი მიზანი ბოროტად არ უნდა იყოს გამოყენებული იმ პოპულისტური ძალების მიერ, რომლებიც ანტიევროპული ტენდენციების შექმნას ცდილობენ. ვრცელდება ნარატივი, თითქოს საქართველოს უარი ეთქვა კანდიდატობაზე, რადგან მის ტრადიციულ ღირებულებებს არ იზიარებს, არ იღებს მხედველობაში ჩვენს ტრაგიკულ წარსულს, რადგან ის საქართველოს უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებულად ეპყრობა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. ქართველმა ხალხმა აჩვენა სად დგას ის. თუმცა, არ შეიძლება ბნელი ძალების შესაძლებლობების სათანადოდ ვერშეფასება, რომლებიც გარედან არიან მხარდაჭერილნი და გაღვივებულნი და ცდილობენ ამ სოლიდარობისათვის ძირის გამოთხრას.
სინამდვილეში, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს მოემსახურება და საფუძველს შეუქმნის ყველა რეკომენდაციის სრულად და სრულყოფილად იმპლემენტაციას. ევროპა წარსულშიც საქართველოს გვერდით იდგა მიუხედავად მისი ნაკლოვანებებისა. ის საქართველოსადმი ერთგული რჩებოდა, რადგან ქართველები ყოველთვის წარმატებულად ახერხებდნენ დემოკრატიის რელსებზე დაბრუნებას.
ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზის შენარჩუნება ჩვენთვის გადამწყვეტი საკითხია, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია ევროპისთვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა უფრო დიდი, სტრატეგიული, ახალი ევროპული წესრიგის შესახებ ხედვის ნაწილია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვების შედეგად წარმოიქმნება.
ის, რასაც უკრაინამ 2022 წელს მიაღწია, არის ის, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ 1992 და 2008 წლებში და რასაც უკრაინამ 2014-2015 წლებში ვერ მიაღწია. მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს თვალი აუხილა და დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე; დაანახა, რომ მითები რუსული დამცირებისა და რუსული დაუცველობის შესახებ სწორედ, რომ მითებია აგრესიისა და ომების გასამართლებლად. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გაიაზროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.
იყო დამყოლი და არა მიზანდასახული - ეს არის ის, რაც რუსულ აგრესიას კვებავს. სხვათა დაკმაყოფილება ჯერ არასად უმუშავია.
ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოება არასდროს ყოფილა რუსული თავდასხმის საფუძველი, ამის საფუძველი რუსეთის გადაულახავი იმპერიალისტური ბუნებაა. სხვა თუ არაფერი, სწორედ გადაწყვეტილებებისადმი ეს “stop-and-go” დამოკიდებულებაა, რაც რუსეთის სტიმულირებას და დამუხტვას ახდენს, რომელიც შედეგზე დაშინებით გავლენის მოხდენას ცდილობს.
არადამაჯერებელი განზრახულობის ნიშნები - 2008, 2014 წლებსა თუ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში პატარა, მწვანე კაცუნების შესვლაზე შემსუბუქებული რეაქციებია სწორედ ის, რაც რუსეთს ახალისებს და მეტის გაკეთებისაკენ უბიძგებს. მეორე მხრივ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა და ვარშავის პაქტის წევრმა ქვეყნებმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებით მშვიდობა და სტაბილურობა შექმნეს. ჩვენი მომავალიც ესაა!
ამიტომ კანდიდატის სტატუსი არ არის მხოლოდ არსებითი დემოკრატიული რეკომენდაცია, ის ევროპული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურაცაა. ეს გრძელვადიანი სტაბილურობაა. მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ეს ამორალური და არასწორი იქნებოდა. ვახდენ მხოლოდ ისტორიული გაკვეთილის კონსტატაციას. ჩვენი უკან ჩამოტოვება მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს რუსეთს ეძებოს კომპენსაცია თავისივე წარუმატებლობისათვის - მოიგოს ის ომი, რომელიც დაიწყო, მაგრამ რომლის დასრულებაც არ შეუძლია.
უკრაინაში რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხდა პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - დაიმსხვრა მითი მისი უძლეველობის შესახებ, დაკარგა სტრატეგიული უპირატესობა, დაკარგა ევროპელების გახლეჩისა და მათ სისუსტეებზე თამაშის შესაძლებლობა.
უკრაინული გამძლეობა და სიძლიერე, შვედური და ფინური ისტორიული არჩევანი და ევროპული ძალა - რუსეთმა ეს ყველაფერი ვერ გათვალა!
დღეს მსოფლიო გაყოფილია, ერთ მხარეს არიან ისინი, ვინც ვერ ბედავს წარმოიდგინოს, რომ რუსეთი აღარ არის დაუმარცხებელი და აგებს, და მეორე მხარეს ისინი, ვისაც ესმის, რომ ახალი მსოფლიო იბადება. სწორედ ამიტომ, მხოლოდ უკრაინას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როდის დაიწყოს მშვიდობის დამყარებაზე მოლაპარაკებები და ევროპასთან ერთად განსაზღვროს რა არის ის მშვიდობა, რომელიც რუსეთს ნებისმიერ, უცხო მიწაზე უარის თქმას აიძულებს.
სწორედ ამიტომ ვაკეთებ საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ განაცხადს. მე ასევე, განაცხადს ვაკეთებ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების სახელით. ეს მომავალი მათთვისაცაა! ის ერთადერთია, რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს. მე ვდგავარ სოხუმში გუშინ გამართული აქციის მონაწილეთა გვერდით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ მოწოდებით: ,,აფხაზეთი არ იყიდება, ჩვენ რუსებს არ დავუთმობთ!“
დიდი მადლობა!