9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში.
მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ბზობაც და 9 აპრილიც, ორი დიდი, საეკლესიო და საერო დღესასწაული, და ეს დამთხვევა ალბათ, არ არის რამეთუ ბზობას მოჰყვება ვნების კვირა და აღდგომა. 9 აპრილს კი, რომელიც ერთი მხრივ, არის ტრაგედიის დღე, მოჰყვება დამოუკიდებლობის აღდგენა. ორივე ერთგვარად გამარჯვების აღნიშვნაა და მინდა ეს გამარჯვება მოგილოცოთ თქვენ.
რა არის ჩვენთვის 9 აპრილი? ეს, პირველ რიგში, უფრო მეტად გამარჯვების სიმბოლოა, ვიდრე ტრაგედიისა, ამიტომ უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ, იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო. სამწუხაროდ, რუსის ჩექმამ და რუსის სისასტიკემ, იმ დღეს, პირველ რიგში, მიზანში ქალები ამოიღო. ეს გამარჯვება ყველასია, რადგან 9 აპრილი ერთიანობისა და ერთობის სიმბოლოა. იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი მოჰყვებოდა 9 აპრილს. ერთად მგდარი, რომ იყო საქართველო ამას მიხვდა ზვიად გამსახურდია და ამიტომ იყო 31 მარტის რეფერენდუმი, რომელიც ასევე ჩვენი ერთობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რასაც მოჰყვა მეორე 9 აპრილი - დამოუკიდებლობის აქტი და 26 მაისი - ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა, აღდგენა იმ გაგებით, რომ ჩვენი სახელმწიფო პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ იქნა ცნობილი და გავაუქმეთ მონობის 70 წელი, მაგრამ არ დავივიწყეთ, არ დავივიწყეთ, რადგან 9 აპრილი ყველა ჩვენი ბრძოლისა და ომის გაერთიანებაა, სადაც ქართველები თავიანთი იდენტობის, ენის, რწმენისა და მომავლისთვის იბრძოდნენ. აღარ ჩამოვთვლი წლებსა და თარიღებს, მაგრამ მინდა, რომ როცა ვიხსენებთ 9 აპრილს, მასთან ერთად გავიხსენოთ ყველა და ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
მინდა გაგიზიაროთ ერთი ჩემი არახალი ინიციატივა, რომელიც ჯერ განხორციელებული არ არის, მაგრამ იმედს არასოდეს ვკარგავ. ამის შესახებ, რამდენიმე წლის წინ, უკვე მივწერე თბილისის მერსა და სხვებს, რომ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი გადაკეთდეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველა ჩვენი ბრძოლის ერთიან მემორიალად და აქ გაერთიანებული იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი.
თუ ჩვენ ცოცხლად გაერთიანება გვიჭირს, შეიძლება ამ მემორიალში გაერთიანებულნი ვიყოთ და ესეც ძალიან დიდი ნიშანი იქნება და სხვათა შორის, უფრო ღირსეული. ან უცხოელ სტუმრებს, ან ჩვენს მოწაფეებს მივიყვანთ იქ და ავუხსნით რა არის საქართველოს ისტორია და რა იყო ჩვენი ისტორიის ღირსეული ფურცლები.
9 აპრილი ასევე, ჩვენი მომავლის სიმბოლოა, რადგან 9 აპრილში, როგორც ერთგვარად ორსახოვანი ღვთაება იანუსი - ორი სახეა, ერთი, რომელიც წარსულში იყურება და იქ თავის ფუძესა და თავის ძალას პოულობს - ეს არის ქართული ეროვნული იდენტობა და მთელი ჩვენი წარსული და მეორეთი იყურება წინ, იყურება მომავლისკენ და ამისთვის მოგიყვანეთ აქ დღეს რომ პირველ რიგში, დედების ხედვა (და არა მხოლოდ ქალების) მომავლისკენაა მიმართული და ეს მომავალი ჩვენი ასაშენებელია, რადგან 9 აპრილი ასევე, ახალი ეპოქის წამოწყებაა.
ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო მაშინ დაიბადა და ის ტრაგედიისა და გამარჯვების შვილია, როგორც ხშირად ხდებოდა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ რეალურად, 9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ჩვენთვის ეს მომავლის გზა ევროპაა: ევროპის დროშები ჩვენს ქუჩებში და ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჩვენს კონსტიტუციაში - ეს არის ჩვენი განაცხადი და ყველა ჩვენთაგანის ერთობლივი მიზანი… ანდა არაფერი აღარ მესმის მე… და ეს მომავალი არის ის, რაც ჩვენ შვილებს უნდა დავუტოვოთ, ვალდებულნი ვართ, რომ დავუტოვოთ.
ახლა მეტყვით, რატომ ქალები?
ჯერ ერთი, (იმიტომ რომ, როგორც ხედავთ, ადგილი არ გვყოფნის) რეალურად, ალბათ, უკეთესიც იქნებოდა, რომ ყველანი ერთად ვყოფილიყავით, რადგან ეს ერთობის დღეა, თქვენი სახით, ახლა აქ არიან თქვენი შვილები, თქვენი მეუღლეები და ჩვენ ერთად ვართ. აქ დისკრიმინაციის ნიშანს ნუ დაინახავთ, მაგრამ მინდა, რომ ქალების როლი მაინც ხაზგასმული იყოს - ჩვენს ისტორიაში ხშირად გვავიწყდება ეს. გარედან, უცხოეთიდან რაღაცა სტერეოტიპებით უყურებენ საქართველოს და ვერ ხედავენ, ან არ ვაჩვენებთ - რა არის ქართველი ქალების როლი საქართველოს ისტორიაში: ეს არის უწყვეტი თავდადება, ეს არის ეროვნული შეგნება, ეს არის იმ ყველაფერის დაცვა, რაც ჰქმნის საქართველოს. ამ ქალებმა თავიანთი შემართებით, იმ დროს, როცა მეუღლეები ომობდნენ (და ეს ყველაზე ხშირად ხდებოდა) შეინარჩუნეს ყველაფერი, რაც ჩვენი იდენტობაა, რაზეც დღეს ვდგევართ და გავიხსენოთ: ქეთევან წამებულის თავდადება, კრავაი ჯაყელი, ხვაშაკ ცოქალი და შემრიგებლური მოღვაწეობა, რაც ასევე ჩვენი ნაწილია. უმნიშვნელოვანესია ქალების როლი რუსეთის იმპერიისგან თავდაღწევის დროს და ამიტომ დაგირიგეთ თამარ პაპავას წიგნი, რომელიც ალბათ, არ გაქვთ წაკითხული და რომელიც ასევე, ძალიან ძლიერი ქალი იყო ქართულ ემიგრაციაში და შემდგომ არგენტინაში. ეს არის ის ისტორია, რომელიც ნაკლებად ცნობილია, ჩვენი ქალების, მათ შორის, დედოფლების ბრძოლა ადგილზე, ან ზოგჯერ გადასახლებაში. გავიხსენოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ასევე ეროვნული ბრძოლა იყო და სადაც ქალების როლი ძალიან დიდია, გავიხსენოთ თუნდაც ეკატერინე გაბაშვილი, გავიხსენოთ 18 და 21 წლებში მარო მაყაშვილი, რომელიც მათი სახე გახდა, ვინც იუნკერებთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იბრძოდა.
გავიხსენოთ ყველა დედა, მეუღლე, თუ შვილი, რომელიც 70 წლიანი რეპრესიებისას გადაასახლეს. და აქაც მინდა მეორე ინიციატივა გაგიზიაროთ. დრო გადის და ჩვენ არ გვაქვს რეალურად არც შესწავლილი და არც დაწერილი ამ 70 წლიანი რეპრესიების ისტორია. ეს ყველა ოჯახის გასაკეთებელია, რადგან ეს მეხსიერება თქვენთანაა და არა სხვაგან, საჭიროა, მათი თავმოყრა; საჭიროა, რომ სანამ ეს მეხსიერება ცოცხალია, თქვენ, ყველამ ჩაწეროთ და გავაზიაროთ რაც მოხდა, რადგან საქართველოში მომხდარის შესახებ არასწორი სურათია გავრცელებული, რომ ვითომც რადგან ქართველი იყო სტალინი, თურმე საქართველოში რეპრესიები უფრო რბილი და ნაკლებად სასტიკი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს ჩვენი დასაწერი ისტორიაა და დღეს, ინტერნეტის საშუალებით, ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ოღონდ ამის წამოწყება და შემდეგ გაგრძელებაა საჭირო.
ქალები, რადგან ეს მომავალია. ყველაზე მძიმე პერიოდებში, როცა გარდამტეხი ეტაპი დგება და გზაგასაყარზე ვდგევართ, საჭიროა, ქალებმა თავიანთი ძალა, თავიანთი მშვიდი ძალა გამოაჩინონ და თქვენ ხართ ეს მშვიდი ძალა. მინდა მჯეროდეს, რომ ქალებს მეტი ერთობა და ტოლერანტობა შეუძლიათ.
ქალები არიან ის ძალა, რომელსაც შეუძლია მოთმინებაც, ურთიერთმოსმენაც და ურთიერთგაგებაც, თუ მოინდომა, შეუძლია პოლარიზაციის, სიძულვილის ენისა და დაპირისპირების გადალახვა; შეუძლია მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, (თუ არა ყველაფერზე რაც არ არის აუცილებელი), ეს არის მრავალფეროვნება, მაგრამ რაღაცა წმინდა, საერთო მიზანი ხომ უნდა გვქონდეს, რასაც დავუტოვებთ შვილებსა და შვილიშვილებს და გადავცეთ მათ თავისუფალ, დამოუკიდებელ, თანამედროვე და ევროპულ სახელმწიფოს.
ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, რომ აქ თურმე მე პარტიას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი, ან რაღაცა მოძრაობას. თუ იქნება მოძრაობა, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან ეს მომავალი თქვენი და თქვენი შვილებისაა.
მე ვიქნები იქ, სადაც ვიყავი ყოველთვის, სხვათაშორის, არც ორიენტაცია შემიცვლია, მაგრამ, იმის დროა, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ:- არა დაყოფას! ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები არ მოუშვეს აქ და თქვეს, რომ აქ ყოფნა თურმე სასურველი არ იყო. როგორ არ არის სასურველი ყოფნა აქ, როცა ჩვენ 9 აპრილს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ თარიღს ვზეიმობთ და როცა პრეზიდენტი იწვევს სწორედ არაპარტიულად და არამიკერძოებულად, არამედ ყველას, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი და ჩვენ თუ ავაშენებთ ჩვენს ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდეც.
იმაზეც ვწუხვარ, რომ 9 აპრილს მიწევს იმისი დაცვა, რომ ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა. აბა სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა? თუ არ გვახსოვს ჩვენი ისტორია. ჩვენ კარგად ვიცით რა გვინდა, რა სჭირდება ამ ქვეყანას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს თუ არა ნელნელა აქედან ფეხით წასვლით ირჩევენ ევროპას და მინდა, რომ აქ ამოირჩიონ ევროპა, ევროპიდან აქ მივიღოთ, ის რაც გვინდა, ის რაც წარმოადგენს ჩვენი იდენტობის გაძლიერებას და აქ გახდეს საქართველო ევროპული სახელმწიფო.
უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარისა და მეორადის გამიჯვნა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთიმეორეში არაღრევა, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღაა ვნების კვირა და აღდგომა?!
მიხარია, რომ ერთად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქალი რეგიონებში, საზღვარგარეთ და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გადაუკეთეს გამშვები პუნქტები, ყველა ერთად, ამ მომავლისთვის ვემზადებით და ამიტომ მინდა, რომ მოგილოცოთ 9 აპრილი, ბზობა და მომავალი ევროპული საქართველო.
ახლა მინდა, რომ მოვიწვიო აქ 2 ადამიანი: ნანა მახარაძე, რომელსაც ყველა იცნობთ, მაგრამ არ იცნობთ, როგორც მე - ახლა გავიცნობ, მაგრამ მისი ფოტო გასცდა ჩვენს საზღვრებს და მთელს მსოფლიოში მას 9 აპრილის სახედ იცნობენ. მეორე - ნანა მალაშხია, რომელიც ასევე გახდა საქართველოს ევროპული მომავლის სახე, და გასცდა ჩვენს საზღვრებს და დავანახეთ მოსფლიოს რა არის, რა უნდა საქართველოს და რა უნდათ ქართველ ქალებს.
ახლა მათ დავაჯილდოვებთ, მაგრამ ეს ჯილდო პერსონალური არ არის. ეს ჯილდო ეძღვნება 9 აპრილის ყველა იმ ქალს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის ამ და სხვა პერიოდებში იბრძონდნენ, ეს ორ ქალი სწორედ მათ სახეებს წარმოადგენს.