საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა აშშ-ს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ,,დემოკრატიის სამიტზე“
თქვენო აღმატებულებავ,
ქალბატონებო, ბატონებო,
საქართველოს სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს გასულ წელს გამოთქმული ინიციატივისათვის და კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწვევისთვის, წელს, როდესაც დემოკრატიის დაცვა და კონსოლიდაცია საჭიროა ისე, როგორც არასდროს.
ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნები. ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმების, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით.
ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ.
თუმცა, არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.
როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები.
საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდადაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს.
მაშინ როცა, ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და ახალი კანონებისა, ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.
ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.
მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი.