მინდა ყველას მოგილოცოთ დიპლომატიის დღე, რადგან ეს არა მხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველას დღეა. დიპლომატის დღე ბევრად უფრო ვრცელია და ყველას ეხება.
მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს.
არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, გოგა გომიაშვილი და მეორე, გურამ შარაძის შვილი, გიორგი შარაძე, რომელიც ამ დღის შექმნაში მონაწილეობდა, რომელმაც ეს ღონისძიება პირველი რესპუბლიკის დიპლომატების პორტრეტების არაჩვეულებრივი გამოფენით გააფორმა.
საქართველოს დიპლომატიის ისტორია პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაა.
ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების დაცვაში შეიტანა საკუთარი წვლილი. ეს ეხება, ქართველ მეფეებს და მათ ემისრებს, თავადებსა, თუ რელიგიურ პირებს, რაც იმ დროინდელი ისტროისსთვის ჩვეული მოვლენა იყო. მათ დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით, ხშირ შემთხვევაში, გადაარჩინეს საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს იყო როგორც გარე, ასევე შიდა დიპლომატია. შეგვიძლია გავიხსენოთ შიდა დიპლომატიის კუთხით კრავაი ჯაყელი და გარე დიპლომატიის კუთხით ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სულხან-საბაზე.
ეს დღე ასევე ეკუთვნის პირველი რესპუბლიკის პირველ დიპლომატებს. ესენი არ იყვნენ ასე, რომ ვთქვათ, პროფესიონალი დიპლომატები, მაგრამ იყვნენ უფრო მეტნი, ვიდრე პროფესიონალები, იყვნენ პროფესიონალი პატრიოტები, განათლებული ადამიანები და მათ ჰქონდათ ის, რაც ყველაზე დიდი ძალაა დიპლომატიაში - როცა იცი რა გინდა შენი ქვეყნისთვის და ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ რა უნდოდათ საქართველოსთვის, რას იცავდნენ, რა იყო მათი მომავლის ხედვა. მათ წილად ერგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი საზღვრების დაცვა ორმხრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით როგორ დასრულდა 21 წელს ეს პირველი ეტაპი.
ეს დღე ეკუთვნის ასევე, 91 წელს აღდგენილ ჩვენს დიპლომატიას და ეს უკვე პროფესიონალური კორპუსია, რომელიც ძალიან რთულ პირობებში და ძალიან მწირი რესურსებით იყო. პრაქტიკულად არანაირი შესაძლებლობით არც შიგნით და არც გარეთ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად იცოდნენ რისთვის მოდიოდნენ და მათი ღვაწლი და მათი მეხსიერება შემდგომში მთელ დიპლომატიას გამოჰყვა.
შემიძლია პირადად ვთქვა, რომ იმ დროისთვის, მთავარი მოლაპარაკებები, რაც ჩავატარე რუსეთთან სამხედრო ბაზების გასაყვანად არ იქნებოდა, თუ არა ის მეხსიერება, ის გამოცდილება, რაც იყო იმ ჯგუფის, რომელიც ამ საკითხებზე პირველი დღიდან მუშაობდა.
მათ შეძლეს მთავარი - ჩვენი პარტნიორებისგან დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა, საქართველოს ცნობადობის გაზრდა, რომელიც საკმაოდ დაბალი იყო; გარე საფრთხეების და ომების პირობებში, ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და იმ დროისთვის, სასიცოცხლო დახმარების მოპოვება. ამდენად, პირველი თაობის დამსახურება უდიდესია.
ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების გეზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ, ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატობამდე.
ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, ფასდაუდებელი, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და მათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც.
ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგიები, მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა.
ეს დღე ეკუთვნის ასევე, საზოგადობას, ყველას, რამეთუ მსოფლიო რუკაზე საქართველოს დამკვიდრება და საკუთარი სახის და იდენტობის პოპულარიზაცია მოითხოვს ყველას ჩართულობას. საქართველოს დღეს იცნობენ ჩვენი დიპლომატების, ჩვენი სტუდენტების, ჩვენი დიასპორის მეშვეობით, ასევე იცნობენ სუხიშვილების, ხატია ბუნიათიშვილის, ნინო ხარატიშვილის, დემნა გვასალიას, ხვიჩა კვარაცხელიას, ლაშა ტალახაძის თუ ოთარ იოსელიანს და კიდევ ბევრ სხვათა მეშვეობით.
ცხადია, ალბათ, ბევრი სახელი გამომრჩა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მთლიანად საზოგადოების საქმეა პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უაღრესად სჭირდება დიპლომატია და პროფესიონალური დიპლომატია. მას ასევე სჭირდება მისი ყველა მოქალაქის, თანამემამულის ამ დიდ საქმეში ჩართულობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ყველგან, შიგნით, გარეთ და ყოველთვის.