გმადლობ ძვირფასო შარლ, ბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულო საზოგადოება,
უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა... შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ტრიოს სამეულში არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა, დამოუკიდებლობიდან - 1991 წელიდან უცილობლად, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც სხვა ფორმებით - რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ამ ევროპული პერსპექტივის დაშვებაა.
მახსოვს სხვადასხვა ნაბიჯი, რაც საქართველომ ამ ევროპულ გზაზე გაიარა და ყოველ ჯერზე, იქნებოდა ეს სამეზობლო ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ასოცირების შეთანხმება, მუდამ მეორდებოდა, რომ ეს იყო ყველაფერი, გარდა წევრობისა, რომ გზა არ იყო წევრობისაკენ, რომ ეს იყო პარალელური გზა. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ჩვენი გზა ნათლად წევრობისკენ და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენაა და ეს უაღრესად ისტორიული ნაბიჯია.
ამავდროულად, მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა. გამოწვევაა იმ მხრივ, რომ შევძლოთ მომავალ ექვს თვეში სერიოზულად მივუდგეთ იმ რეფორმების გზას, რაც აქამდე გვქონდა, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი ნაბიჯი დროულად არ გადაიდგა, ზოგიერთი ნელა გადაიდგა.
ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ამ წლის ბოლომდე გვაქვს დრო, ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან.
ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა. მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს, რომ შეგვიძლია მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ.
ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს ბატონო პრეზიდენტო, და მათი, ვინც მაგიდის გარშემო სხედხართ, რადგან თქვენ ჩვენ შანსს გვაძლევთ.
არ მსურს სიტყვა უკრაინისა და მოლდოვისადმი მილოცვის გარეშე დავასრულო, განსაკუთრებით უკრაინისადმი, რადგან უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, მადლიერებით უნდა დავიწყოთ. და შემდეგ ერთობა, ერთობა სამ ქვეყანას შორის, იმ რეფორმებზე მუშაობისთვის, რომლებსაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიაღწიოს და ერთობა ჩვენს ხალხს შორის - დეპოლარიზაცია, რომლისთვისაც ვიბრძვი და რომლისთვისაც, აქ თქვენ უზარმაზარ სტიმულს მაძლევთ, რომ განვაგრძო გზა დეპოლარიზაციისაკენ.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო. და, რა თქმა უნდა, შავი ზღვის უსაფრთხოებას, თანამშრომლობას, სტაბილურობას ორივე მხარეს სჭირდება დემოკრატიული და ევროპული ქვეყნები და ეს გზა მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის, ეს გზა მსურს დავინახო ევროპისთვის.