საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კონფერენციაზე - "უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“
მოგესალმებით ბატონო ელჩებო,
პატივცემულო საზოგადოება,
მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება იმ ერთიანობას წარმოადგენს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა საზოგადოების დაკვეთაა. შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რამეთუ საზოგადოებას არ აქვს ის საშუალებები, რომ თავის დაკვეთა პოლიტიკურ პარტიებამდე მიიტანოს და გააგებინოს მათ თავისი ხმა.
ამ პერიოდში, ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან, როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, რომ ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, იქმნება ახალი არქიტექტურა, (თუმცა, მე მგონი, რომ არავინ არ იცის რა იქნება და როგორი იქნება), ამ შემთხვევაში, მითუმეტეს, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და საზოგადოებას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას.
ალბათ, ეს არის დღევანდელი შეკრების დანიშნულება, რომ სხვადასხვა აზრების შეჯერებით ჩვენ უფრო კარგად დავინახოთ რა და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ ამ ახალ მსოფლიოში.
ფაქტია, რომ, როგორც ეს ხდება ყველაზე დიდი კრიზისების, ტრაგედიების და ომების შემდგომ, ამ ყველაფერს მოჰყვება გადაფასება და ახალი უსაფრთხოების ფორმების ძიება, რომელიც არ დაუშვებს ამ ტრაგედიების განმეორებას. ასე შეიქმნა თავის დროზე გაერო, ევროკავშირი, ნატო და დღესაც ამის მოლოდინში ვართ, რომ განახლდეს ეს ორგანიზაციები.
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც უკვე დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები ევროპაში: შეიკრა და გაძლიერდა უკრაინის ეროვნული იდენტობა, შეიკრა და გაძლიერდა ევროკავშირის ქვეყნების ერთიანობა და მათი შეგნება, რომ უსაფრთხოებაზე თვითონ ევროპელებმა უნდა იზრუნონ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.
ნატოს დღის წესრიგში ნეიტრალური ქვეყნების გაწევრიანება დადგა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ, სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსეთმა კი, კიდევ ერთხელ, ყველას დასანახად და გასაგებად, აგრესორისა და ნგრევის მომტანის სასტიკი სახე აჩვენა, თუნდაც იმ რეგიონში და იმ მოსახლეობის მიმართ, რომლის ვითომცდა დასაცავად უკრაინაში შეიჭრა. ამავდროულად, ამ სისასტიკის მიუხედავად, რუსეთმა ვერ მოახდინა ძალის დაუმარცხებლობის დემონსტრირება, რითაც იმედოვნებდა ევროპისა და მეზობლების დაშინებას.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან: მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის.
ძნელი სათქმელია, ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას - უკრაინის - როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტის, კავკასიის - როგორც აღმოსავლეთთან სტრატეგიული ხიდის, რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აღმოსავლეთ ბალკანეთის როლს, ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს, თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობასა და ეკონომიკური თუ სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე, საჭიროა ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები.
ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვასა და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს, თუნდაც რეფერენდუმის ფორმით.
მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა, და რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია!
ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთანებული, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით! პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს!
მთავრობისა თუ ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არ აყენებდეს საფრთხის ქვეშ, მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს, და არ ბადებდეს ეჭვს ჩვენს გულწრფელ არჩევანზე და მიმართულებებზე.
მხოლოდ ამგვარად ჩვენ დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის.