,,სწავლებაში ნატოს სააგენტოების და ცენტრების, პარტნიორი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს საქართველოს როლზე რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გამტკიცების პროცესში"

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ,,ნატო-საქართველოს სწავლება 2022“-დმი მიძღვნილ ღონისძიებაზე:

 

მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, 

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, 

მივესალმები საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურს,

სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილეს, 

სამხედრო მოსამსახურეებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, 

მეათე დღეა მიმდინარეობს ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც ხვალ დასრულდება. ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, საქართველოსთვის, ამ ურთულეს პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება. 

დღეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ევროპის მშვიდობა და უსაფრთხოება უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას.  

დღეს ვიცით, რომ ერთი თვე სრულდება უკრაინაში იმ ომის დაწყებიდან, რომელსაც ასე მედგრად დაუდგა წინ უკრაინა და ვიცით, რომ გუშინ კონტრიერიში წარმატებულად დასრულდა. ვიცით, რომ დღეს ტარდება ბრიუსელში ნატოს წევრების სამიტი, რომლებიც სწორედ იმაზე მსჯელობენ თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები და ეს ჩვენც გვეხება. 

საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით - ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, როდესაც მეორედ ჩატარდა ნატო-საქართველოს სწავლება, საქართველო იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი ქვეყანა, რომელსაც ნატოს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვის და ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დაეკისრა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება და აღიარება იმ სანდო და საიმედო პარტნიორობისა, რომელიც საქართველომ მრავალჯერ დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.  

აღსანიშნავია, რომ ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 20-მა ქვეყანამ და 560-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა ამ სწავლებაში. რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ეს თავისთავად პასუხია. მინდა მათ ყველას მადლობა მოვახსენო. 

სწავლების პროცესში ნატოს სხვადასხვა სააგენტოების და ცენტრების, ასევე პარტნიორი ქვეყნების და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია,  აქტიური ჩართულობა ნათლად მეტყველებს საქართველოს როლზე რეგიონისა და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის გამტკიცების პროცესში. 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სხვადასხვა ინიციატივებს შორის, კიბერუსაფრთხოება და სტრატეგიული კომუნიკაციები, იყო მიმდინარე სწავლების ძირითადი მიმართულებები. ამ სფეროებში საქართველოს შესაძლებლობების განვითარება კრიტიკულად აუცილებელია დღეს არსებულ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. 

მინდა "ნატო-საქართველოს სწავლება 2022"-ის  უკლებლივ ყველა მონაწილეს, ჩვენს პარტნიორებს, ნატოს პარტნიორებს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. 

მადლობას მოგახსენებთ მტკიცე ერთიანობისთვის, რომელსაც ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ავლენთ. 

საამაყოა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ურთულეს ამ პროცესში და ამ ურთულეს პერიოდში.

დიდი მადლობა!