სალომე ზურაბიშვილი - ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანია და ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, დღეს გაეროს ეგიდით გამართულ უნივერსალური ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და შეხვედრის მონაწილეებს მიმართა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ჯანმრთელობის დაცვა პოლიტიკურ პრიორიტეტად გამოაცხადა და რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.

,,ბატონო პრეზიდენტო, 
ბატონო გენერალურო მდივანო, 
პატივცემულო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!

„არავინ დატოვო მიღმა“ - ეს ჩვენი საერთო მიზანია.

დღეს ვდგავარ თქვენ წინაშე, რათა ავიღოთ ვალდებულება და მოვუწოდო ყველა წევრ სახელმწიფოს, მიიღონ ზომები ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევისთვის.

მიხარია, რომ ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ტაილანდელ კოლეგასთან ერთად, ფასილიტატორის რანგში წვლილი შეიტანა გლობალური მოლაპარაკების პროცესში.  

2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც. 

ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს  დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე.

საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები.

უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. 

ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში.

ამასთანავე, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდ ტვირთად გვაწევს. 

საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
 
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენთვის წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვისკენ გზა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე გადის, რათა მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება უფრო თანაბარი და ხელმისაწვდომი გახდეს.

და, როდესაც ვამბობ „თანაბარს“, მე ვფიქრობ ჩემს მოქალაქეებზე, რომელთაც უკვე შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სერვისებით ყველაზე დონეზე, რადგან იგი აღარ არის მხოლოდ მდიდრების პრივილეგია. 

საყოველთაო ჯანდაცვამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, აღგვედგინა ადამიანების ღირსება, გადაგვერჩინა მათი სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანის ერთ-ერთი ყველა ფუნდამენტური უფლება - ჯანმრთელობის უფლება.

თუმცა, ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს.

პატივცემულო სტუმრებო,
2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი მოითხოვს განახლებულ მიდგომას ჯანმრთელობაზე, გარემოსა და თანასწორობაზე. 

ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები, ინოვაციურები, გამოვიყენოთ ელექტრონული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები.

მე მტკიცედ მჯერა: იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ არ დარჩეს მიღმა, მოიტანს უფრო ფართო ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მთავრობა და პირადად მე ვრჩებით ამ გზის ერთგულნი, რადგან ეს არის ის მემკვიდრეობა, რომლის დატოვებაც გვინდა მომავალი თაობებისთვის.  
ჯანმრთელობა პოლიტიკური არჩევანია, და ჩვენ გავაკეთეთ ეს არჩევანი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს. 
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,   ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.