- უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, რომ გთხოვოთ ფეხზე ადგომით და წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 7 აპრილს, ენგურის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებს: თამუნა ცატავას, თამაზ ბასლანძეს, მაყვალა გამისონიას და ელგუჯა გვალიას და ასევე დათა ვანიშვილის ხსოვნას.
მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო,
მთავრობის წევრებო,
მივესალმები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს,
აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს,
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს,
მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,
მივესალმები ჩვენს საზოგადოებას,
დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც სწორედ 30 წლის წინ და ამ დროს პრაქტიკულად, ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან.
-
- 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა!
პირველი იმიტომ, რომ9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა, ის რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა!
მეორე იმიტომ, რომ9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ (და ვერც დააყენა), ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ქვეყანა გამოცხადებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება -70 წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები.
მესამე იმიტომ, რომ9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ. გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (და შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო.
9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ -(და ამას ხაზგასმა სჭირდება) - ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა. ჩვენ მიერ განვლილი 30 წელი ამის მერე იყო რთული წლები - კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის - მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარებისა და საკუთარ - ეროვნულ და ევროპულ - გზაზე დაბრუნების!
არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა. ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია და იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს!
სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია.
ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება და თუ არა ეს, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება!
ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურიცაა.
დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორიულ გამოცდილებებს უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს.
ამიტომ მინდა შევეხო დღეს ყველა იმ თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აღელვებს, რომლის მიმართ ხშირად ვართ გაყოფილი თუ დაპირისპირებული და რომლის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთობაზე გადის.
-
- უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა და ეს გამოწვევა არის პანდემია.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა.
აქ საჭირო არის პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. ასეთ დროს კი სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან.
ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა - ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით.
უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით. ასეთი მიდგომის მაგალითი გვაჩვენა პატარა ქვეყანამ ისრაელმა, ამ ქვეყანამ, რომელმაც მთლიანობაში კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენას და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას.
მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა.
ყველგან - ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი.
ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ.
-
- მეორე ასეთივე უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვაა.
საზოგადოება ამ საკითხთან მიმართებაშიც გაყოფილია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს არც ხელახალი ჩაკეტვა, არც შეზღუდვები. ზოგი კი აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.
ამ კრიზისის დაღწევაში, სოლიდარობა გვჭირდება როგორც არასდროს. ერთიანი ძალისხმევა რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლება, ინვესტიციების მოზიდვა და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ სოციალურად დაუცველ ფენებს ჩვენი საზოგადოებისა. ამ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი ერთი მაგალითია ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება.
ერთი მხრივ ის საზოგადოება, რომლის წუხილიც ძალიან კარგად მესმის და თანავუგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა, და არა მხოლოდ ის, აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს.
მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს.
ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები. უალტერნატივოდ მიმაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. ამისათვის საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი საჯაროობა, მეტი გაანალიზება ყველა არგუმენტის და ყველა შესაძლო საფრთხის. სასურველია, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნება დამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით. ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის.
-
- მესამე და უმთავრესი გამოწვევაა ჩვენი მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა - ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია.
ეს არის გამოწვევა, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემებზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.
1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა, გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ - საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ.
მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვას, ვიტყოდი ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიციები.
ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით.
ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არაა და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ თუ ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭირო არის ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს.
მაგალითად მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც, არა თუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აღარ გავუსვამ ხაზს იმას, რომ ოკუპაციის თემა ყველაზე საკრალური თემაა, და, მაშასადამე, ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ: “არაფერს აკეთებენ“ ან კიდევ „ენგურის ხიდი ჩაკეტეს“ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვინ ჩაკეტა ენგურის ხიდი და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.
მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
ყველა ამ უმწვავესი საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები. ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობას ქვეყნის მიმართ.
-
- ამ უმწვავესი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ამ გაყინული მდგომარეობიდან ვერ თუ არგამოსვლა.
ჩვენი უცხოელი პარტნიორები, როგორც ჩანს, ჩვენზე უკეთ ხვდებიან, რამდენად საჭირო და გარდაუვალია ამ კრიზისის დაძლევა. მართალი გითხრათ, დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს - 9 აპრილს - შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის. შევძლებდით საერთო ინტერესების დანახვას და ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორე ხარისხოვანის გამიჯვნას, პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არაღრევას და იმის დანახვას, სად და რაზე გადის ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული და ევროპული გზა! იმედი მქონდა, რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი!
თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა.
არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისათვის და რაოდენ უკვე დაახლოებულები ვართ. ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასეთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის.
ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის მძიმე პერიოდს.
მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ყოფილა.
ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას.
-
- ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, შეიძლება კიდევაც, ვაჟკაცობა.
ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“ და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური ერთადერთი მისაღები გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალურად პოლიტიკური მოღვაწეობა სურთ.
ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ რაღაც პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას.
ასეთი პრაგმატული და დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, ამ ტექსტს მე პირადად სრულად ვუჭერ მხარს და დღეს 9 აპრილის სულისკვეთების მაგალითზე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე.
მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დგას, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის!
-
- არ მინდა ეს სიტყვა დღეს,სწორედ9 აპრილს, ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღესდავასრულოისე, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა! მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში.
ძალიან დიდი მადლობა ყველას!