საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის ძირითადი პირობები:
საქართველოს ეროვნული პრემია (შემდეგში - პრემია) პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელსაც მიენიჭება პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში.
პრემიის მოსაპოვებლად შესაძლებელია ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა.
პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს ან/და ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს პრემიის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
პრემიის მისანიჭებლად ნაშრომის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული გამოყენების შემდეგ.
დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ არ იქნა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო.
კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, გამოც ხდება მისი ავტორის პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი;
ბ) საკონკურსო ნაშრომის შესახებ მედიაში გამოქვეყნებული რეცენზიები და/ან სხვა მასალა ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად;
გ) სამეცნიერო ნაშრომი - მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც);
დ) კანდიდატის ბიოგრაფია (CV), სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი.
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
საკონკურსო განაცხადისა და თანდართული მასალის მიღების ვადა:
პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება 2022 წლის 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114, ასევე ელექტრონულად, მისამართზე: info@president.gov.ge.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888